რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა პანკრეატიტის დროს?

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა პანკრეატიტის დროს?

სიტყვა „პანკრეატიტი“ პანკრეასის ანთებას ნიშნავს. პანკრეასი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვების მონელებაში.

პანკრეასი ორი ჯგუფის ნივთიერებებს გამოიმუშავებს — საჭმლის მომნელებელ სეკრეტებსა და ჰორმონებს.

პანკრეასის ანთება სხვადასხვა მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ის, თავის მხრივ, იწვევს:

  • ჯირკვლისა და მიმდებარე სისხლძარღვების ანთებას,
  • სისხლდენას,
  • ინფექციას და ჯირკვლის კიდევ უფრო ღრმა დაზიანებას.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა პანკრეატიტის დროს?

1.ლობიოს პარკის ნახარში:

ნახარშის მოსამზადებლად 1 ს/კ ლობიოს პარკს უნდა დაასხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ხარშოთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. ნახარში სვით 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3 კვირაა. მერე დაისვენეთ 2 კვირა და გაიმეორეთ.

ექიმის კომენტარი: ხალხურ მედიცინაში ლობიოს ჩენჩოს ნახარში გამოიყენება, როგორც ორგანიზმის გამწმენდი, ნივთიერებათა ცვლის აღმდგენი, ქსოვილთა რეგენერაციული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ლობიოს ჩენჩოს ნახარში კარგ შედეგს იძლევა შაქრიანი დიაბეტის, ართრიტებისა და ართროზების, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებებისა და სხვადასხვა ანთებითი პათოლოგიის დროს.

2. მცენარეთა ნახარში:

დამზადების წესი ასეთია: აიღეთ 3-3 ს/კ კამის თესლი და პიტნა, 2-2 ს/კ კუნელი და უკვდავა (ნეგო) და 1 ს/კ გვირილა. აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ მიღებული ნარევის 2 ს/კ ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წთ-ის განმავლობაში. გადმოდგით, შეაგრილეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ.

ექიმის კომენტარი: რეცეპტში შემავალ მცენარეებს აქვს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული, ნაღველმდენი მოქმედება. ეს კომბინირებული ეფექტი უდავოდ დადებით შედეგს მოგვცემს პანკრეატიტის მკურნალობისას.

როგორ მოვუაროთ საკუთარ თავს?

რასაკვირველია, განკურნებისთვის ეს არ არის საკმარისი, მაგრამ შესაძლებელია, ოდნავ გავიუმჯობესოთ მდგომარეობა. ამ მიზნით რეკომენდებულია:

  • ალკოჰოლისთვის თავის დანებება;
  • დიეტა, რაც გულისხმობს თხევადი უცხიმო საკვების — ბოსტნეულის სუპის, ჟელეს მიღებას. ეს ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შემცირებას;
  • ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების გამოყენება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ზომიერება, ვინაიდან არსებობს ღვიძლის დაზიანების რისკი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალკოჰოლის ჭარბი მიღებით გამოწვეული პანკრეატიტის დროს.

განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პანკრეატიტს

მწვავე პანკრეატიტი — ჩვეულებრივ, იწყება მალევე პანკრეასის დაზიანების შემ დეგ. შეტევა ტიპურ შემთხვევებში მცირე ინტენსივობისაა, თუმცა შემთხვევათა 20%-ში შესაძლოა აღმოცენდეს ძალიან ძლიერი ტკივილი.
ქრონიკული პანკრეატიტი მწვავეს მსგავსად იწყება, მაგრამ ზოგჯერ მწვავე პანკრეატიტის შეტევისას ჯირკვალი შეუქცევადად ზიანდება, ვითარდება ნაწიბუროვანი ცვლილებები და ჯირკვალი აღარ უბრუნდება ნორმას. ჯირკვლის დაზიანება გრძელდება, მდგომარეობა დროდადრო უარესდება.

რამდენად ხშირია პანკრეატიტი?

ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა ბავშვებში ძალიან იშვიათია. მწვავე პანკრეატიტი ხშირია ორივე სქესის პირებს შორის, ხოლო ქრონიკული ფორმა მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს.

რა იწვევს პანკრეატიტს?

პანკრეატიტის ორი უმთავრესი მიზეზია:

  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება
  • ნაღვლის ბუშტის კენჭები

შემთხვევათა 10-20%-ში პანკრეატიტს შეიძლება სხვა მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • მედიკამენტები;
  • ქიმიური ნივთიერებები;
  • ტრავმა;
  • თანდაყოლილი დაავადება.

მწვავე პანკრეატიტის სიმპტომები:

  • ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მწვავე ტკივილი,
  • ღებინება, რომელსაც არ მოაქვს შვება;
  • ცხელება, შემცივნება;
  • მუცლის შებერვა;
  • გულისცემის აჩქარება, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს ტკივილი, ცხელება, სითხის დაკარგვა ღებინების, შიმშილის გამო ან წარმოადგენდეს კომპენსატორულ მექანიზმს შინაგანი სისხლდენისას.

მეტისმეტად მძიმე შემთხვევებში, პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს დაბალი წნევა, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს:

  • სისუსტეს;
  • გონების კარგვას;
  • ძილად მივარდნას;
  • ადვილად გაღიზიანებას;
  • კონცენტრირების უნარის კარგვას;
  • თავის ტკივილს.

თუ სისხლის წნევა განსაკუთრებით დაქვეითდა, მოსალოდნელია შოკის განვითარება.

ქრონიკული პანკრეატიტის სიმპტომები:

ტკივილი მუდმივია, შემაწუხებელი, თუმცა არ არის გამორიცხული, თავისთავად გაქრეს მდგომარეობის გაუარესებისას. ტკივილის გაქრობა ცუდი ნიშანია, რადგან შესაძლოა, პანკრეასის ფუნქციის დაკარგვას მოასწავებდეს.

სხვა სიმპტომები დაკავშირებულია დაავადების ისეთ გართულებებთან, როგორებიცაა:

  • ინსულინის პროდუქციის დაქვეითება (დიაბეტი);
  • საჭმლის მონელების დარღვევა (წონის კარგვა);
  • სისხლდენა (ანემია);
  • სიყვითლე;
  • ძლიერი გულისრევა და ღებინება;
  • ძლიერი ტკივილი, რომლის კუპირებაც მედიკამენტებით ვერ ხერხდება;
  • მუცლის აუხსნელი ტკივილი;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ტკივილი, რომელსაც თან ახლავს შემცივნება, ცხელება, ღებინება, სისუსტე.
Facebook კომენტარები