სოკოვანი დაავადებების თავიდან აცილების გზები – იყავით ყურადღებით!

ადამიანები სოკოვან დაავადებებს ხშირად ზაფხულის მზესა და ზღვის პირას ყოფნას, ან აუზს უკავშირებენ. როგორი პერიოდია ზაფხული კანის სოკოვანი დაავადებების გავრცელებისა და მათი გამოვლენის თვალსაზრისით?

ზაფხული ეხმარება კანის სოკოვანი დაავადების გავრცელებას. წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურია მზის სხივების ზემოქმედება, აღნიშნულს ემატება ჭარბი ოფლიანობა, ხშირი გარუჯვა, გარემოს მომატებული ტემპერატურა.

ეს ყოველივე განაპირობებს სოკოვანი დაავადების გავრცელებას. სოკო კი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ადვილად ხვდება შეზლონგებიდან, აუზში, საშხაპეებში. ასევე გარე ფაქტორებთან ერთად უნდა აღვნიშნოთ ორგანიზმის თავისებურებებიც – ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, მკურნალობა სტეროიდული ჰორმონებითა და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარეტებით.

ასევე, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სოლარიუმია, სადაც დროის მცირე მონაკვეთში ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედება ხდება.

ზაფხულის პერიოდში მზის სხივების ზემოქმედებისას ხშირად ვითარდება კანის სოკოვანი დაავადება – ნაირფერი პიტირიაზი, რომელიც ხასიათდება სხეულზე ლაქოვანი ელემენტების არსებობით. ეს ელემენტები შეიძლება იყოს ღია ვარდისფერი, ყავისფერი, მოგვიანებით კი თეთრი. დაავადებას იწვევს სოკო, რომელიც კანის ნორმალური ბინადარია, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით აქტიურდება.

ზაფხულის არდადეგებისა და შვებულების პერიოდი საკმაოდ სწრაფად გაივლის ხოლმე. ყველას უნდა, ის დრო სასიამოვნო მოგონებებს დაუკავშირდეს და არა ამა თუ იმ ავადმყოფობას.

როგორ ავირიდოთ სოკოვანი დაავადება თავიდან?

ზაფხულში, სოკოვანი დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პერიოდში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირადი ჰიგიენის წესების დაცვას:

  • სავარცხელი, აბაზანის ღრუბელი (უნდა იყოს მხოლოდ პირადი მოხმარების), პირსახოცი;
  • შეზლონგი იყოს პირადი ან დაიფაროს პირსახოცით;
  • აუზზე ბანაობის შემდეგ უნდა მიიღოთ შხაპი;
  • განსაკუთრებულად ყურადღებამისაქცევია კანის გამშრალებას ნაოჭების არეში;
  • უნდა მოწესრიგდეს ოფლიანობის პრობლემა. ამ მიზნით რეკომენდებულია ხშირი შხაპი, ნატურალური (ბამბა, აბრეშუმი) ქსოვილის ტანსაცმლისა და ნატურალური ტყავის ფეხსაცმლის ტარება, საჭიროებისას ტერფების ოფლიანობის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება;
  • მკაცრად უნდა იყოს დაცული ჰიგიენის წესები აუზებზე, სოლარიუმში, საუნაში;
  • აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის, ჭარბი წონის მკურნალობა.

ძალიან გავრცელებულია ფეხის სოკოს დაავადება. გთავაზობთ სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალებას, რომლებიც ხალხურმა მედიცინამ შემოგვინახა:

  • 50 გრამ ჩვეულებრივი მაყვლის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. გააგრილეთ და იხმარეთ სველი საფენების სახით (კარგია კანის ანთების, ეგზემისა და სოკოვანი დაავადების დროს) ან ყელსა და პირის ღრუში გამოსავლებად.
  • სოჭის ზეთით დაასველეთ დოლბანდი და 10-20 წუთით დაიდეთ სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე. პროცედურა ყოველდღე ჩაიტარეთ. კურსის ხანგრძლივობა 7-10 დღეა.
  • ნოვოკაინში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე.გაიჩერეთ მთელი ღამით.
  • 70% ძმარი, დიმეთილფტალატი, გლიცერინი და ზეითუნის ზეთი აურიეთ პროპორციებით 2:1:1:1. ამ საცხით ფრჩხილები ყოველდღე უნდა დაიმუშაოთ.დაიტანეთ ბამბის ტამპონებით და გაიჩერეთ 8-10 საათი.ჩამოიბანეთ სარეცხის საპნით.ეს ნარევი შეგიძლიათ ხელის ფრჩხილების სამკურნალოდაც გამოიყენოთ.
Facebook კომენტარები