როგორ უნდა მოიქცეთ ყურის ტკივილის დროს – ნახეთ, რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა!

ყურის ანთება (ოტიტი) –  ოტიტი, წესისამებრ, ტკივილით, ყურის დაგუბებით, სმენის დაქვეითებითა და ყურების შუილით იჩენს თავს. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამაც აიწიოს, გაჩნდეს გამონადენი. ანთების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, უმთავრესად – ინფექცია. თუ ყური გტკივათ, აუცილებელია ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს მიმართოთ, რადგან ყურის დაგვიანებულ ან არასწორმკურნალობას მძიმე შედეგები მოჰყვება – სმენის დაკარგვა, მენინგიტი და სხვა.

განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ოტიტს.

მწვავე პროცესის დროს ტკივილი უფრო ინტენსიურია, ქრონიკული ფორმის დროს კი უმეტესად ყურების შუილი და სმენის დაქვეითება შეიმჩნევა. პირველი დახმარება გარეთა სასმენ მილში ქაფურის სპირტით გაჟღენთილი ბამბის ჩადება და სპეციალისტთან რაც შეიძლება მალე მისვლაა.

თუ ექიმთან სასწრაფოდ ვიზიტის შესაძლებლობა არ არსებობს, შეიძლება, ტკივილის შესამსუბუქებლად პატარას ასპირინი ან პანადოლი მივცეთ, ყურზე კი გამათბობელი კომპრესი დავადოთ:

რამდენიმეკეცი დოლბანდი, რომელიც შუაში ყურის ზომაზეა ამოჭრილი, დაასველეთ თბილ წყალში ან ქაფურის სპირტში, გაწურეთ და ყურის გარშემო კანზე დაადეთ. ზემოდან ჯერ ყურის ზომაზე გამოჭრილი გასანთლული ქაღალდი დააფინეთ, შემდეგ კი ბამბა. ყოველი მომდევნო ფენა წინაზე 2-3 სანტიმეტრით ფართო უნდა იყოს.

კომპრესი ბინტით დაამაგრეთ თავზე და 2-4 საათი დატოვეთ. კომპრესი სასურველია ღამით მოიხსნას, სასმენი მილის ბამბით დახურვას კი ნამდვილად არ გირჩევთ.

უცხო სხეული ყურში

ყურში შეიძლება მოხვდეს მცირე საგანი ან შემთხვევით შეღოღდეს მწერი.
დახმარება:

მწერის გამოდევნა ამგვარად შეიძლება – ყურში პიპეტით ჩააწვეთეთ მცენარეული ზეთის რამდენიმე წვეთი. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ყური გამორეცხეთ თბილი წყლით. ჭავლი მანამდე გქონდეთ მიშვებული, ვიდრე მწერი არ გამოვა.

თუ უცხო სხეული ღრმად არის ჩასული, ჯობს, ექიმს მიმართოთ — დამოუკიდებლად გამოღების მცდელობას შესაძლება დაფის აპკის გახეთქვა და ადამიანის დაყრუება მოჰყვეს.

ჩირქგროვა

ჩირქოვანი მუწუკი გარეთა ყურში გაციების შედეგად წარმოიქმნება. ის ვლინდება ყურის მოულოდნელი, ძლიერი, მოპულსირე ტკივილით, რომელიც თავის შესაბამის მხარეს და კბილებზეც კი ვრცელდება. ღამით ტკივილი ძლიერდება. ზოგჯერ ყბების მოძრაობაც კი იმდენად მტკივნეულია, რომ ადამიანი ჭამაზეც უარს ამბობს. 1-2 კვირის შემდეგ ჩირქგროვა სკდება და ყურიდან ჩირქი გამოდის.

ანთებით-ჩირქოვანი პროცესები თავის მიდამოში ყოველთვის საშიშია, რადგან არსებობს პროცესის ტვინზე გადასვლის ალბათობა, ამიტომ აუცილებელია ექიმის გამოძახება, რათა მან ავადმყოფს ანტიბიოტიკებით სპეციფიკური მკურნალობა დაუნიშნოს. ღამით წოლა საჭიროა ჩირქგროვის მხარეს, რათა გახეთქილი ჩირქგროვიდან ჩირქი შუა ყურში არ გადავიდეს.

ფრენის დროს თავჩენილი ყურის ტკივილი შეიძლება ამგვარად მოიხსნას:

  1. ხშირად დაამთქნარეთ;
  2. ნერწყვი ხშირ-ხშირად ყლაპეთ ღეჭეთ საღეჭი რეზინი ან ყლუპ-ყლუპობით დალიეთ წყალი;
  3. თუ ჯანმრთელი ბრძანდებით, პირი მოკუმეთ, ნესტოებზე თითები მოიჭირეთ და ეცადეთ, ცხვირხახიდან ამოისუნთქოთ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

  • ყურის ძლიერი ტკივილის დროს ან მაშინ, როცა ტკივილი რამდენიმე დღეა გრძელდება;
  • ყურში ჩირქგროვა ან უცხო სხეულია;
  • ძლიერი ცხელების დროს.
  • თუ ყურიდან გამოდის სისხლი ან გამჭვირვალე სითხე

რას გვირჩევს ხალხური მედიცინა ყურის ტკივილის დროს:

ტკივილისა და ხმაურის დროს ყურში უნდა ჩაიწვეთოთ 3-3 წვეთი ლიმონის სუფთა წვენი. სულ 3-ჯერ დაგჭირდებათ ჩაწვეთება.ჩემს მეუღლეს აწუხებდა ყურის შუილი და ტკივილი, ჩავაწვეთე და მას შემდეგ 2 წელი გავიდა, რაც ყური აღარ ასტკივებია. ჩემს მოხუც დედასაც მოურჩინა ყური ლიმონის წვენმა.

ლიმონის წვენის ძირითადი ნაწილი წყალი და ლიმონმჟავაა. იგი ასევე, შეიცავს შაქარს, C, A, B1 და D ვიტამინებს, კალიუმისა და სპილენძის მარილებს და სხვა მიკროელემენტებს. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ეფექტთან იყოს დაკავშირებული მისი გამოყენება ოტიტის დროს.

გახსოვდეთ: ყურის პათოლოგიებთან სიფრთხილე გმართებთ და ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითმკურნალობით შეიძლება საქმე სერიოზულ გართულებამდე მივიდეს.

Facebook კომენტარები