ყველაფერი სახის კანის შესახებ და რჩევები მის მოსავლელად - ქალბატონებო, არ დაიზაროთ თქვენი თავის მოვლა!
სახის კანის ფერი და მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:
- ჯანმრთელობაზე,
- საცხოვრებელ პირობებზე,
- სეზონზე,
- კვების რეჟიმზე,
- მავნე ჩვევებზე,
- გეოგრაფიულ ზონაზე,
- და რაღა თქმა უნდა, მოვლაზე.
საქართველო სუბტროპიკული სარტყლის ქვეყანაა. აქ მზე მწველია, ამიტომ კანის მოვლა ადრეულ ასაკში უნდა დავიწყოთ. თუ ქალს ჯანმრთელი კანი აქვს, სასურველია, ექიმ-კოსმეტოლოგს 20-21 წლის ასაკში მიმართოს. კოსმეტოლოგთან მივდივართ დილის საათებში, დაუბანელი და ყოველდღიური კოსმეტიკური საშუალებების გარეშე. ეს სპეციალისტს საშუალებას მისცემს, სწორად განსაზღვროს კანის ტიპი და სათანადო მოსავლელი საშუალებები შეურჩიოს.
არსებობს სამი ტიპის კანი:
- ცხიმიანი,
- კომბინირებული
- მშრალი
ნორმალურად ითვლება კომბინირებული სახის კანი, რომლის ცხიმიანი უბნებია შუბლი, ცხვირი და ნიკაპი.
სახის კანის მოვლის საშუალებები ორნაირია:
- ძირითადი
- დამხმარე
ძირითადი საშუალებებია:
- წყალი, რომელიც კანს არა მარტო ასუფთავებს, არამედ ატენიანებს კიდეც;
- ალკოჰოლის შემცველი, უალკოჰოლო, ნეიტრალური, ცხიმოვანი გამწმენდი საშუალებები;
- ნაკლებად ცხიმიანი, ცხიმიანი და ძალიან ცხიმიანი კრემები;
- დამცავი კრემები, რომლებიც ძირითადად დღისით იხმარება;
- კრემები და გელები თვალების ირგვლივ არსებული კანისთვის.
დამხმარე საშუალებებია:
- სკრაბი,
- ნიღაბი,
- მასაჟი,
- მეზოთერაპია,
- დერმაბრაზია,
- გამაახალგაზრდავებელი პროცედურები.
სახისთვის აუცილებელია გაწმენდაც:
- ცხიმიანი კანისთვის - წელიწადში 4-ჯერ,
- ნორმალური და მშრალი კანისთვის - წელიწადში 2-ჯერ მაინც.
ამას კოსმეტოლოგი თქვენი სახის კანის მდგომარეობის საფუძველზე გადაწყვეტს.
ჩვენს გეოგრაფიულ სარტყელში ქალის სახის კანი ადრეულ ასაკში, ჩვეულებრივ, ცხიმიანია, შემდეგ კი თანდათან შრება. ასე რომ, 35 წელს გადაცილებული ქართველი ქალების მთავარი პრობლემა კანის სიმშრალეა.
აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ: სახის კანი ინდივიდუალურია, ამიტომ მოსავლელი საშუალებებიც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. უნდა გაითვალისწინოთ:
- ფორების მდგომარეობა,
- კანის არაერთგვაროვნება,
- ცხიმოვნების ან სიმშრალის ხარისხი,
- ნაოჭების თავისებურება,
- თვალების ირგვლივ არსებული კანის მდგომარეობა და სხვა.
თვალების ირგვლივ არსებული კანის მოვლა მეტად მნიშვნელოვანია!
საქმე ის გახლავთ, რომ ეს მიდამო პრობლემურია. თვალების ირგვლივ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი არ არსებობს, ამიტომ კანი ძალიან თხელია, ელასტიკურობას მოკლებულია და ადრე ნაოჭდება. ამ მიდამოში კანის მოდუნებისას უნდა დავიწყოთ თვალების გარშემო არსებული კანისთვის განკუთვნილი კრემის გამოყენება. ჩვეულებრივი კრემებისგან ის იმით განსხვავდება, რომ ცხიმით, ვიტამინებითა და სხვა ნივთიერებებით არის გამდიდრებული. კარგია საფენებიც. სველი საფენები დღეში ერთხელ, 20-25 წუთით უნდა დაიწყოთ თვალებზე და მათ გარშემო, შემდეგ კი შესაბამისი კრემი წაისვათ.
დაბერება რომ შევანელოთ, კანის მოვლა რაც შეიძლება ადრე, დაახლოებით 30 წლიდან უნდა დავიწყოთ. მაგრამ ღრმა ნაოჭებს თერაპიული პროცედურები ვეღარ უშველის. ამ შემთხვევაში დახმარება მხოლოდ ბოტოქსის, ელასტინის და სხვა ინექციებს, ოქროს ძაფებს, სახის კანის გაჭიმვას შეუძლია. სასურველია, საქმე აქამდე არ მივიყვანოთ, რადგან თუ ქირურგიულ მეთოდს მივმართეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პერიოდულად მისი გამეორება მოგვიხდება. უმჯობესია, ჯერ სახის კანის მასაჟი, მეზოთერაპია, სპეციალური ნიღბები და სხვა პროცედურები ვცადოთ.
კისერი და დეკოლტე სახის კანის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ აქვს რამდენიმე თავისებურებაც. კისერი, განსაკუთრებით მისი წინა მხარე, ყველაზე ადრე ბერდება, ამიტომ მის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. არ შეიძლება ყველა დამცავი საშუალების კისერზე წასმა, ასევე, კისრის წინა ნაწილის მასაჟი და სხვა პროცედურები.
თუ გვინდა, სახის კანის ჯანმრთელობა დიდხანს შევინარჩუნოთ - უარი უნდა ვთქვათ მავნე ჩვევებზე. ალკოჰოლის რეგულარული და ჭარბი მიღება კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. თამბაქო კიდევ უფრო მავნებელია - ის იწვევს კანის მკვებავი სისხლძარღვების გადაგვარებას, რასაც კანის ფერის შეცვლა და ადრეული დანაოჭება მოჰყვება.
რაც შეეხება კვების რეჟიმს - უმჯობესია, უხვად მიირთვათ ხილ-ბოსტნეული, ნატურალური წვენები, სათანადო ოდენობის სითხე — თუ რაიმე პათოლოგია არ გაწუხებთ, დღეში 2 ლიტრამდეც კი.
სახეზე გამონაყარი ცხოვრების წესზე მეტყველებს
ალკოჰოლი და თამბაქო ყველაზე ხშირად უწევს პროვოცირებას გამონაყარს.
- ალკოჰოლის ზემოქმედებით ფართოვდება კანის კაპილარები, ვითარდება ვენური შეგუბება, ირღვევა კანის კვება და იცვლება კანის ნორმალური მიკროფლორა, რაც საგრძნობლად ასუსტებს უჯრედების იმუნიტეტს და სხეულის გარეგან საფარველს პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის იოლად შესაღწევს ხდის. კანი იღებს მოლურჯო ელფერს, ალაგ-ალაგ წითლდება, ადრე ნაოჭდება და გამონაყარით იფარება.
- თამბაქო მამაკაცებზე მეტ ზიანს მწეველ ქალებს აყენებს. მოგეხსენებათ, ყველა ქალს წევის თავისებური მანერა აქვს, რაც გარკვეული მიმიკის თანხლებით ხორციელდება. მრავალჯერადად განმეორებისას ეს მიმიკები სახის იმ ადგილებზეც აჩენს ნაოჭებს, სადაც ისინი, ჩვეულებრივ, არ ვითარდება.
ასე რომ, თუ გსურთ დიდხანს იყოთ ახალგაზრდა და მომხიბლავი, ცხოვრების ჯანსაღი წესი საუკეთესო გამოსავალია !
ბუნებაში უამრავი საშუალებაა, რომელთა გამოყენება იოლი საქმეა. მინდა გასწავლოთ სახის კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალებები:
რეცეპტი 1: 2 ს/კ მოხარშული გოგრა კარგად დასრისეთ, დაუმატეთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთი და ეს ნიღაბი დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. თუ რეგულარულად გაიკეთებთ, ნიღაბი დაგირბილებთ კანს და გაგისწორებთ ნაოჭებს.
ეს პროცედურა ძალიან მარტივად შესასრულებელია, შედეგი კი განსაცვიფრებელი.
ზეითუნის ზეთი და გოგრის რბილობი კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება. ამ პროდუქტებს აქვს კანის ქსოვილების მკვებავი და აღმდგენი თვისებები. ყველა ქალბატონს აქვს შესაძლებლობა, ძალიან მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებებით დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდული სახის კანი.
რეცეპტი 2: თანაბარი რაოდენობის გვირილის, ოროვანდის, არყის ხის ფოთლების და მინდვრის შვიტის 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 2-3 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.
ამავე ნაკრებისგან უნდა მოამზადოთ სახის კრემიც: 1 ჩ/კ ნარევი კარგად დაფხვენით და დაუმატეთ 4 ჩ/კ ნაღების კარაქი, თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და წაისვით კანზე დილით, თბილი წყლით პირის დაბანის შემდეგ. როგორც ნაყენი, ისე კრემი განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს. ცხიმიანს - ნაკლებად.
ეს რეცეპტი გამოადგება ისეთი სახის კანის მქონე ადამიანს, რომელსაც გარდატეხის ასაკიდან მოყოლებული აწუხებს ეს პრობლემა და გართულება არ უცხრება.
რეცეპტი 3: 1 ჭიქა რძეს დაუმატეთ თითო ჩ/კ ლიმონის წვენი და კონიაკი, შეათბეთ და წაისვით სახის კანზე. როცა პირველი ფენა გაშრება, წაისვით მეორე ფენა და ასე გააკეთეთ რამდენჯერმე. პროცედურის ჩასატარებლად სულ ნახევარი საათი დაგჭირდებათ, მაგრამ მერწმუნეთ, არ ინანებთ.
ნიღბის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძის სხვა პროდუქტებიც — მაწონი, ხაჭო, კეფირი.
რეცეპტი 4: 1 ს/კ მოხარშული გოგრა კარგად დასრისეთ და ათქვიფეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთი ისეთი რაოდენობით, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. წაისვით 20 წუთი სახეზე, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
- თუ უპეები შეგიშუპდათ, გიშველით ჩაის ნაყენის საფენები. ზამთარში კარგია გამხმარი ცაცხვის ყვავილის, პიტნის, კალენდულას ნაყენის, გახეხილი უმი კარტოფილის საფენები.
- სახის კანისთვის ძალიან კარგია მოხარშული კარტოფილი, რომელიც ხსნის დაღლილობას და ასწორებს ნაოჭებს. ერთი ცალი გათლილი კარტოფილი მოხარშეთ, კარგად დასრისეთ, შეურიეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიზილეთ მკვებავი კრემი.
თუ ამ ნიღბებს რეგულარულად გამოიყენებთ, კანი დარბილდება და გაახალგაზრდავდება, ნაოჭები გასწორდება.
რეცეპტი 5: მინდა შემოგთავაზოთ მარტივი, ბუნებრივი საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც ახალგაზრდული სახის კანის შენარჩუნებას შეძლებთ.
სახის კანი უნდა დაიბანოთ შვრიის ბურღულის (ჰერკულესის) ნაყენით: 1 ჩ/კ ბურღულს დაასხით 3 ს/კ მდუღარე წყალი. როცა გაფუვდება, მიღებული მასით კარგად დაიზილეთ სახის კანი. აჯობებს, თუ მას სახეზე მცირე ხნით ნიღაბივით გაიჩერებთ, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
რეცეპტი 6: ძალიან კარგია სახის დაბანა ცაცხვის ყვავილის, გვირილის, პიტნის, ორკბილას ნახარშის ყინულით. გაცივებული ნახარში ჩაასხით ყინულის ფორმაში და შედგით საყინულეში. შემდეგ ყინულის კუბებით დაიზილეთ სახის კანი, გაიმშრალეთ და წაისვით კრემი. ამ პროცედურის გაკეთება არ შეიძლება, თუ სახეზე გამონაყარი გაქვთ.